უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი მთავრობა საკამათო ანტი-ლგბტ კანონთან დაკავშირებით რეფერენდუმს გამართავს, - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
გასულ თვეში უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, „ბავშვების დაცვის აქტი“, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში ლგბტ მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორებიცაა ლგბტ თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ. აიკრძალება.
კანონმა ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის 21-ე მუხლს, სადაც ნათქვამია, რომ ”ლგბტი ადამიანების სტიგმატიზაცია წარმოადგენს მათი ფუნდამენტური უფლების, ღირსების უფლების აშკარა დარღვევას.“
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.