თბილისში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი განახევრდა - Palitra News

თბილისში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი განახევრდა

2021-07-16 08:26:40+04:00

თბილისში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი განახევრდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.

კერძოდ, მთავრობის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი გარკვეული შეღავათით შეძლებს სარგებლობას და 5 მილიონი ლარის ნაცვლად, პირველ წელს 2 მილიონ 500 ათას ლარს გადაიხდის.

უფრო კონკრეტულად, 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისთვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი 2 მილიონ 500 ათასი ლარი იქნება. ასევე 2 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა - 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი.

ცნობისთვის, სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 მილიონ ლარს შეადგენს, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა. ეს გამონაკლისებია: ბათუმი, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები; გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია, დაბა ბაკურიანის ტერიტორია, ასევე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიები; ქალაქ ბათუმსა და ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორია, ასევე სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორია; ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია; გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ტერიტორია; დაბა გრიგოლეთის ტერიტორია და ქალაქ ფოთის ტერიტორია.