უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას განცხადებით, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ევროკავშირს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადასაჭრელად შეუძლია, ამ ქვეყნების სწრაფად დაახლოებაა. ამის შესახებ კულებამ „ასოცირებული ტრიოს“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მტკიცედ მჯერა, რომ საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ევროკავშირს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადასაჭრელად შეუძლია, არის ის, რომ სამივე ქვეყანა რაც შეიძლება მჭიდროდ და რაც შეიძლება სწრაფად დაიახლოვოს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ამ ქვეყნებს საერთო პრობლემები აქვთ, რომელიც გამოწვეულია რუსეთის დესტრუქციული ქმედებებისგან და მათი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის უპატივცემულობისგან.
„ჩვენ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რასაც სამივე ქვეყნის მიმართ ევროკავშირი გამოხატავს, როდესაც საქმე კონფლიქტის მოგვარებას ეხება. თუმცა, მივიჩნევთ, რომ ეს მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს მანამ, სანამ კონფლიქტები არსებობს, ვინაიდან არცერთი კონფლიქტის დავიწყება ან მსუბუქად შეხედვა არ შეიძლება“, - განაცხადა კულებამ.