დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.
სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდა ბრალდებული.
პროცესზე პროკურატურა დაკავებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას, დაცვის მხარე მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
პროცესზე ბრალდებულს ასევე შესთავაზეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვა, თუმცა, მენაბდემ აღნიშნულზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.