საქართველოში თითქმის ყოველი მე-7 ადამიანი ღატაკია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, მაისის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობას 551 ათას 638 ადამიანი იღებს, რაც იანვართან შედარებით 19 ათას 396-ით მეტია, წლის დასაწყისში შემწეობას 532 ათას 242 ადამიანი იღებდა.
ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის მაისში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა მილიონ 49 ათას 586-ს, წლის დასაწყისში კი მილიონ 20 ათას 375-ს.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დღეს საქართველოში 3 მილიონ 728 ათას 600 ადამიანი ცხოვრობს, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში თითქმის ყოველი-7 ადამიანი ღატაკია და ფულად შემწეობას სახელმწიფოსგან იღებს, თითქმის ყოველი მე-4 კი ფიქრობს, რომ ღარიბია და მას დახმარება სჭირდება.