საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2019 წელს უკანონოდ, ფარულად გადაიღო ნაცნობ ქალთან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. სამართალდამცველებმა ის 2021 წლის 10 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.