აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის წევრი დააკავეს.
„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ლაჩინის რაიონში, სომხეთის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა ამინდის არახელსაყრელი პირობებით ისარგებლა და ჩვენს ტერიტორიაზე, შემოიჭრა. ადგილზე დისლოცირებულმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფმა აღნიშნული ჯგუფის ერთი წევრი, არტურ კარტანიანი დააკავა, ხოლო დანარჩენმა წევრებმა უკან დაიხიეს და ტერიტორია დატოვეს,“- ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
მათი მტკიცებით, პირველადი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის სავარაუდო მიზანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დანაღმვითი სამუშაოების განხორციელება იყო.