საქართველოს დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისშიც გაემგზავრება და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.
ამასთან, ედგარს რინკევიჩსი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან.