აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურო აცხადებს, რომ ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსული კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება REvil-ი დგას, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ჩვენ JBS-ზე თავდასხმა REvil–თან დავაკავშირეთ და გულმოდგინედ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ საფრთხის აქტორებმა პასუხი აგონ სასამართლოს წინაშე”, - ნათქვამია FBI-ს განცხადებაში.
მსოფლიოს უმსხვილეს ხორცის გადამამუშავებელ კომპანია JBS-ზე გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით კიბერ თავდასხმა რამდენიმე დღის წინ განახორციელეს, რამაც ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში ხორცის წარმოება შეაფერხა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ-ისპრეზიდენტის ჯო ბაიდენის აზრით, პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის მთავრობას აქვთ როლი ამ თავდასხმების შეჩერებასა და აღკვეთაში. მისი თქმით, კიბერ თავდასხმის საკითხი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი იქნება იმ საკითხებს შორის, რომლებსაც პრეზიდენტი ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს.