საფრანგეთის მთავრობა საშუალო და მსხვილი კომპანიებისთვის 3 მილიარდი ევროს ანუ 3 მილიარდ 670 მილიონი დოლარის მხარდაჭერის ფონდს ქმნის. ამის შესახებ დღეს ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფონდის მიზანია, სესხებით ან სააქციო კაპიტალში ინექციით დაეხმაროს ფირმებს, რომლებიც პანდემიამდე სიცოცხლისუნარიანი იყვნენ, დღეს კი დაძაბული ბალანსი აქვთ.
ფინანსური მხარდაჭერის ფონდი ახალი ზომების ნაწილია, რომლებიც მცირე ფირმების დავალიანების სწრაფი რესტრუქტურიზაციისკენ არის მიმართული. ამასთან, კომპანიებს საგადასახადო დავალიანებისა და სახელფასო შენატანების დასაფარად უფრო მეტ დროს შესთავაზებენ.
გასულ წელს ფრანგული კომპანიების დავალიანება 230 მილიარდი ევროთი გაიზარდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტია. ფინანსთა სამინისტროს კი სურს, გაკოტრებების ტალღა თავიდან აიცილოს. ის საგადასახადო და სახელფასო მონაცემთა ალგორითმს გამოიყენებს, რათა მყიფე ფირმები გამოავლინოს და მათ დაუკავშირდეს.