თურქეთი, ესპანეთი, არაბეთი - ქვეყნები, საიდანაც საქართველოში მეორადი ტანსაცმელი შემოდის - Palitra News

თურქეთი, ესპანეთი, არაბეთი - ქვეყნები, საიდანაც საქართველოში მეორადი ტანსაცმელი შემოდის

2021-06-03 08:32:38+04:00

მსოფლიოს ანალოგიურად საქართველოშიც მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა იზრდება. მართალია მცირედით, თუმცა, გაზრდილია იმპორტიც.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ჯამში, 5 მილიონ 633 ათასი დოლარის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, 2020-ის ანალოგიურ პერიოდში - 5 მილიონ 557 ათასი დოლარის, ხოლო მთლიანად 2020 წელს - 18 მილიონ 497 ათასი დოლარის.

იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც მიმდინარე წელს საქართველომ მეორადი ტანსაცმელი შეიძინა, ლიდერობს თურქეთი - მილიონ 866 ათასი დოლარით; მას მოსდევს ესპანეთი - 499 ათას 800 დოლარის იმპორტით; მე-3 ადგილზეა - არაბთა გაერთიანებული საამიროები 343 ათას 400 დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ნიდერლანდი და გერმანია იკავებენ, საიდანაც საქართველოში, შესაბამისად, 366 ათას 600 და 253 ათას 600 დოლარის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა. იმპორტიორი ქვეყნების ათეულში ხვდებიან ასევე: ბელგია, ტუნისი, პოლონეთი, იტალია და საფრანგეთი.

აღსანიშნავია, რომ second-hand მოდის ინდუსტრიაში ბაზრის სწრაფად მზარდი სეგმენტია. Reuter-ის ინფორმაციით, მეორადი ტანსაცმლის შვედური ონლაინ-მაღაზია Sellpy, რომლის საკონტროლო პაკეტიც მოდის გიგანტ H&M-ს ეკუთვნის, გაყიდვებს ევროპის კიდევ 20 ქვეყანაში იწყებს. ამის მიზეზი კი, პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნაა. ფრანგულმა ჰიპერმარკეტების ქსელ Auchan-მა კი second-hand-ის სექციები უკვე 120 მარკეტში განათავსა. ამასთან, სხვადასხვა კვლევების თანახმად, მიმდინარე წელს, 2019 წელთან შედარებით, ინტერნეტით მეორადი ტანსაცმლის გადაყიდვა 69%-ით გაიზრდება, მაშინ, როცა საცალო ვაჭრობის სხვა ფართო სექტორებში 15%-იან კლებას ელოდებიან.