„ენგურჰესის“ გამომუშავება რომ 2-ჯერ გავზარდოთ, კავკასიონი უნდა გავხვრიტოთ და ჩრდილოეთ კავკასიიდან უნდა შემოვიყვანოთ ენგურის დარი მდინარე - ასე პასუხობს „ენგურჰესის“ გენერალური დირექტორი ექსპერტების მოსაზრებას ჰესის სიმძლავრეების შესაძლო გაზრდის ინიციატივასთან დაკავშირებით.
ამასთან, ლევან მებონია რეაბილიტაციის შემდეგ „ენგურჰესის“ მუშაობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით წელს ჰესში წყლის შემოდინება მეტია, რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა კი რესურსის ათვისების შესაძლებლობას იძლევა.
ცნობისთვის, საქართველოს ყველაზე დიდმა ჰიდროელექტროსადგურმა 2020 წლის მაისში 215 მილიონ 463 ათასი კილოვატ-საათი გამოიმუშავა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 87,2%-ით, 403 მილიონ 560 ათას კილოვატ-საათამდე გაიზარდა.
ცნობისთვის, „ენგურჰესის“ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2021 წლის იანვარში დაიწყო. ჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა და 27 აპრილს ჩაირთო.