Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირი ციფრული საფულის შექმნას აპირებს. ამით წევრ სახელმწიფოებს სურთ, თავიანთი მოქალაქეებისთვის ინტერნეტში სახელმწიფო და კერძო მომსახურებაზე უსაფრთხო წვდომის გზები გამონახონ. შეიქმნება აპლიკაცია, რომელსაც მოქალაქეები ერთიანი ქსელური იდენტიფიკატორით გამოიყენებენ.
ციფრული საფულე საიმედოდ დაიცავს საგადასახადო მონაცემებსა და პაროლებს. 27 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ონლაინ პირადობის მოწმობით ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოების ვებ-გვერდებზე შევიდნენ ან თავიანთი კომუნალური გადასახადები გადაიხადონ. აპლიკაციის გახსნა შესაძლებელი იქნება მათ შორის თითის ანაბეჭდის ან ბადურის სკანირებით.
ამასთან, მომხმარებლები ციფრულ საფულეში პირადი საბუთების შენახვასაც შეძლებენ, მაგალაითად, ისეთის, როგორცაა მართვის მოწმობა და სხვა. ბრიუსელი წევრ-სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ციფრული საფულის გავრცელების ტექნიკური სტანდარტებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნას. ვარაუდობენ, რომ ციფრული საფულე, დაახლოებით, ერთ წელიწადში სრულად ამოქმედდება.