სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა, არსებული რთული სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან ჯარი გაიყვანოს. „მივესალმები ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეების განცხადებას. ეს ჩვენთვის ფუნდამენტურად მისაღებია. მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავიწყოთ ჯარების გაყვანა და ასევე ველით, რომ „მინსკის ჯგუფი“ მიაღწევს შეთანხმებას აზერბაიჯანთან, რომ მათაც ანალოგიურად იმოქმედონ,“- აღნიშნა ფაშინიანმა. მისივე თქმით, ოფიციალური ერევანი მზადაა ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ დახმარებით, დაიწყოს სამუშაოების შესრულება საზღვრების დადგენის, დემარკაცია-დელიმიტაციის მიზნით და ამავე დროს, მათი ეგიდით, მთიანი ყარაბაღის რეგიონის საკითხზე მოლაპარაკებები განაახლოს.