ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის კვლევის პროცესს ძირს პოლიტიკა უთხრის. „მთელი ეს პროცესი პოლიტიკით იწამლება,“- განაცხადა ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა მაიკლ რაიანმა. “გვინდა გთხოვოთ - ჩვენ მეცნიერებას პოლიტიკისგან გამოვყოფთ და მოდით, საჭირო პასუხების მიღების კუთხით წარმატებას სათანადო, პოზიტიურ ატმოსფეროში მივაღწიოთ“, - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურებს დაავალა ვირუსის წარმომავლობა შეისწავლონ. პრეზიდენტის თქმით, დაზვერვის სააგენტოები სხვადახვა თეორიებს განიხილავენ, მათ შორის ვირუსის ჩინური ლაბორატორიიდან გავრცელებას. ვაშინგტონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებს, კოვიდ 19-ის წარმოშობის გამოკვლევის მეორე ეტაპი დაიწყოს.