შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ა.ქ. მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 მაისს, "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსის" ოფისის წინ, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს. კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი მეორე დღეს ბრალდებულის სახით დააკავეს.
ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.