ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შემდეგ, 2021 წლის 1-დან 24 მაისის ჩათვლით ელექტროენერგიის გამომუშავება მკვეთრად გაიზარდა. თუ საქართველოს ყველაზე დიდმა ჰიდროელექტროსადგურმა 2020 წლის მაისის 24 დღეში 141 მილიონ 353 ათასი კილოვატ/საათი გამოიმუშავა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 98,5%-ით 280 მილიონ 608 ათას კილოვატ-საათამდე გაიზარდა.
ენგურჰესის გენერალური დირექტორი, ჰესის ფუნქციონირების აღდგენამდეც აცხადებდა, რომ გამომუშავება გაიზრდებოდა. მისი მოლოდინი 10-15%-იანი ზრდა იყო. მართალია, 98,5%-იანი ზრდა მხოლოდ ერთი არასრული თვის სტატისტიკაა, თუმცა, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი გამართლდა და ქვეყნის მთავარი ჰესის წილი ქართულ ენერგეტიკაში გაიზარდა.
ცნობისთვის, „ენგურჰესის“ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვარში დაიწყო. ჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა და 27 აპრილს ჩაირთო. ჰესის რეაბილიტაციის პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მილიონი ევროა, 38 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია და 7 მილიონი ევრო ევროკავშირის გრანტი.