საქართველო-ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 4 თვეში საქართველომ ირანში 6 მილიონ 806 ათასი ამერიკული დოლარის პროდუქტი გაყიდა, ხოლო 29 მილიონ 935 ათასი დოლარის იყიდა. რაც შეეხება გასულ წელს, ქვეყანამ 27 მილიონ 886 ათასი დოლარის იმპორტი განახორციელა, ხოლო ექსპორტიდან 5 მილიონ 748 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტირებული ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალში ლიდერობს დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - მილიონ 121 ათასი დოლარით; მას მოსდევს ხე-ტყის მასალა, დახერხილი ან დაპობილი, რომლის ექსპორტმაც - 2 მილიონ 457 ათასი დოლარი შეადგინა; მე-3 ადგილზეა ფეროშენადნობები - 876 ათასი დოლარის ექსპორტით, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი შემკვრელი მზა ნივთიერებები, და შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები იკავებენ, რომელთა ექსპორტმაც შესაბამისად, 456 ათას 100 და 326 ათას 600 დოლარი შეადგინა.
საქართველოდან ირანში ექსპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: ადამიანის და ცხოველების სისხლი სამედიცინო მიზნებისათვის; აპარატურა დაფუძნებული რენტგენული გამოსხივების გამოყენებაზე, მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები, პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი და რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები.