“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლითაც მერია 300 ახალი მიკროავტობუსის შეძენას გეგმავდა, ისევ კომპანია "ჯი-თი მოტორსმა” გაიმარჯვა. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო კომისიის სხდომის ოქმიდან ირკვევა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში დამატებით 300 ლურჯი მიკროავტობუსის შესყიდვაზე მერიამ ტენდერი 2 აპრილს გამოაცხადა. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35 მილიონ 919 ათას 468 ლარი იყო, "ჯი-თი მოტორსის“ შეთავაზებული თანხა კი 35 მილიონ 729 ათას 400 ლარია.
სატენდერო პირობების თანახმად, მიკროავტობუსები უნდა იყოს არაუადრეს 2021 წლისა; არანაკლებ 17 მგზავრზე გათვლილი; უნდა იყოს ლურჯი (მეტალიკი) ფერის. გამარჯვებულმა კომპანიამ მიკროავტუბუსები შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 180 დღეში, ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ „ჯი-თი მოტორსმა“ შემოიყვანა დედაქალაქში ლურჯი ავტობუსების დიდი ნაწილი, 300 ლურჯი მიკროავტობუსი და ასევე თეთრი პიკაპები.