თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციური პარტიის - „კარგი პარტიის“ - ლიდერის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა იმის გამო, რომ მერალ აკსენერმა ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეადარა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აკსენერმა პარლამენტში განაცხადა, რომ ერდოღანი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იმავე პრაქტიკას იყენებს, რასაც ბენიამინ ნეთანიაჰუ.
„ერდოღანის ისრაელური ვერსია, ბენიამინ ნეთანიაჰუ, უყოყმანოდ ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებს, იმისთვის, რომ ჩამოიშოროს კონკურენტები და შეინარჩუნოს სავარძელი,“- განაცხადა პარტიის ლიდერმა. ერდოღანმა ამ კომენტარს „უზნეო" უწოდა და აღნიშნა: „ნეთანიაჰუ ჩვენი მეგობარი არასდროს ყოფილა და არც იქნება."
თურქეთის პრეზიდენტი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 250 000 თურქულ ლირას (30 000 აშშ დოლარი) ითხოვს.