მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - Palitra News

მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

2021-04-29 15:02:22+04:00

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განმარტა, როცა აღკვეთის ღონისძიება იხილება, სასამართლო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით აფასებს ფაქტობრივ საფუძვლებს.

კერატიშვილის თქმით, დაცვის მხრიდან რაიმე წონადი არგუმენტი არ მოუსმენია, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით გააბათილებდა ქმედებების შესაძლო ჩადენას. მოსამართლის განმარტებით, თავდებში მყოფი პირები სანდო ურთიერთობაში უნდა იყვნენ ბრალდებულებათან და უნდა იცნობდნენ მათ, ამასთან, პირადი თავდები პირი აბსტრაქტული განცხადებებით არ უნდა იყოს შემოფარგლული სასამართლოს წინაშე.

კერატიშვილის თქმითვე, ვერცერთმა მათგანმა სასამართლოს ვერ დაუსაბუთა რა ქმედებების განხორციელებით აპირებს ბრალდებულთა სათანადო ქცევის გაკონტროლებას. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი არსებობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, დაცვის მხარემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის თავდებობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.