„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მდინარე ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მინისტრებს შეუძლიათ სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ და ყოველგვარი კარანტინის, თვითშეზღუდვის გარეშე იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მიმართ. კაპანაძის თქმით, ასეთი მიდგომა რომ ყოფილიყო, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა.
შეგახსენებთ, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.