ადგილობრივ ბაზარზე საოჯახო მიკრომწვანილის გამოჩენა გადაიდო. როგორც ქვეყანაში პირველი ვერტიკალური ფერმის „მიკროგრინი“ თანადამფუძნებელმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამის მიზეზი პანდემიის შეზღუდვები და პარტნიორ ჩინურ კომპანიასთან შეუთანხმებლობაა. როგორც ის განმარტავს, პროექტზე მუშაობა მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც ქვეყნებს შორის გაცვლა-გამოცვლა გამარტივდება.
„მიკროგრინს“ საოჯახო მიკრომწვანილი გასული წლის მიწურულს უნდა გამოეშვა. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის პროდუქციის მომხმარებელი ძირითადად, „ჰორეკა“ სექტორია, ახალი მიკომწვანილი ნებისმიერ მომხმარებელზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.
ცნობისთვის, საქართველოში პირველი ვერტიკალური სათბური შპს „მიკროგრინი“ თბილისში, 2017 წელს აშენდა. სათბური დაახლოებით, 200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, სადაც პროდუქციის მოყვანა სპეციალურ მრავალდონიან ვერტიკალურ თაროებზე განთავსებულ კონტეინერებში ხდება. სათბური აღჭურვილია ისეთი სისტემით, რომელიც მიკროკლიმატს ინარჩუნებს. ამ დროისთვის სათბურში 20-მდე დასახელების პროდუქტი იწარმოება, რომელთა შორისაა: ბოლოკი, წიწმატი, სალათის მიქსი, ბროკოლი, წითელი კომბოსტო და ა.შ.