ვინ აშენებს და როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35,7 მლნ ჯდება - Palitra News

ვინ აშენებს და როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35,7 მლნ ჯდება

2021-02-11 08:34:16+04:00

თემქის ხევის ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე სკეიტპარკი, სარბენი, სასეირნო და ველობილიკები, ასევე, სპორტული და საბავშვო მოედნები განთავსდება. ტერიტორიაზე მოეწყობა კაფე, მედიათეკა, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე და ურბანული მებაღეობის ზონა. ამასთან, პარკში მოეწყობა ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს. მერის თქმით, სამუშაოების დასრულება 2022 წლის დეკემბრისთვის იგეგმება.

ცნობისთვის, პარკის მოწყობის ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა „ენსისი“ და „საბა კონსტრაქშენი“, თუმცა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, „ენსისს“ დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ხოლო „საბა კონსტრაქშენი“ გამარჯვებულად გამოვლინდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 44 მილიონ 636 ათას 970 ლარს შეადგენდა, თუმცა, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების თანახმად, პარკის მოწყობა 35 მილიონ 709 ათას 577 ლარი დაჯდება. გამარჯვებული კომპანიის მფლობელი - შპს „საბა ინვესტია“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც სლავა შერაზადიშვილია.