„ლელო“ - დავდგეთ ერთად უსამართლო შეზღუდვების წინააღმდეგ - Palitra News

„ლელო“ - დავდგეთ ერთად უსამართლო შეზღუდვების წინააღმდეგ

2021-01-23 13:02:50+04:00

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სამოქალაქო საზოგადოებას საკუთარი უფლებების დასაცავად პროტესტისკენ მოუწოდებს. პარტიაში აცხაფებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომლითაც ძალაში დარჩა შეზღუდვების დიდი ნაწილი, ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლება ადეკვატურად ვერ აფასებს იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი თანამოქალაქეები იმყოფებიან. „ვირუსთან ბრძოლისთვის მათ აირჩიეს უმკაცრესი მეთოდი - გადაადგილების და ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვა, რომელიც, წესით, უნდა იყოს უკიდურესი ფორმა და არაპერმანენტული მდგომარეობა. შეუძლებელია ასეთ ვითარებაში ცხოვრების გაგრძელება. ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ვირუსთან ბრძოლის უფრო მოქნილი და ინოვაციური ღონისძიებები. რადგან ხელისუფლებამ აღარ დაგვიტოვა პროტესტის გარდა სხვა გზა, მოვუწოდებთ მთელს სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად, დავდგეთ ერთად ჩვენი უფლებების დასაცავად და გავერთიანოთ ჩვენი საპროტესტო მუხტი - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.