"ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა" - ამბობს ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გავრცელებულ წერილში და ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ცხრა და "ქართული ოცნების" მმართველობის რვა წელს ადარებს.
დიახ, ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება. ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება.
რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი „მოღვაწეობის“ შედეგი, - ეს იყო ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა. მხოლოდ ეს იყო მიზანი, რის გამოც შეიცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა ფსევდოსაპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. აღარაფერს ვამბობ ომის ტრაგედიასა და დევნილებზე, დაკარგულ ტერიტორიებსა და რუსულ ოკუპაციაზე, რაც კიდევ უფრო დამძიმებულ მემკვიდრეობად დაგვრჩა.
რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი, - ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, დაბოლოს, პოლიტიკიდან დროული წასვლა იმ მიზეზთა გამო, რასაც ეს წერილი ეძღვნება. კარგად ვიცი, რა კუდებს გამოაბამს ოპოზიცია ჩემს ყოველ სიტყვას და, ამის მიუხედავად, მაინც ვიტყვი სათქმელს ყველა ნორმალური და მოაზროვნე მკითხველისთვის. დანარჩენებისთვის, - ცხოვრება გამოაჩენს..." - წერია ბიძინა ივაშვილის წერილში.
შეგახსენებთ, შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ივანიშვილი საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს და გადაწყვეტილების შესახებაც სწორედ აღნიშნულ წერილში საუბრობს.