პოლიციამ დაწესებული რეგულაციის განმეორებით დარღვევისთვის ბარი "სახელოსნო" დახურა - Palitra News

პოლიციამ დაწესებული რეგულაციის განმეორებით დარღვევისთვის ბარი "სახელოსნო" დახურა

2021-01-07 13:36:52+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს - "სახელოსნოს" ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერეს.

უწყების ცნობით, აღნიშნული კომპანია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2020 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა.

ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, ბარი კვლავ განაგრძობდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას და მოქალაქეები აღნიშნულ ობიექტზე 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ბარ "სახელოსნოს" მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2021 წლის 7 იანვარს, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს. აღნიშნულ საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.