საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში მომხდარ ძალადობას გმობს და ამერიკული დემოკრატიის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
„მსურს, შეერთებული შტატების მიმართ ჩვენი მეგობრობა და რწმენა გამოვხატო. ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია, გვჯერა ჩვენი ქვეყნების დემოკრატიების ძალის, გვჯერა ამერიკული დემოკრატიის ძალის”, - განაცხადა მაკრონმა.
ვაშინგტონში მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამაც. მან კაპიტოლიუმში მომხდარი ძალადობა დაგმო და მის წაქეზებაში მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა.
„ისტორია კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობას, რომელსაც პრეზიდენტი კანონიერი არჩევნების შედეგებზე უსაფუძვლო ტყუილებით აქეზებდა, სამართლიანად დაიმახსოვრებს, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სირცხვილისა და სახელის გატეხვის მომენტს", - აღნიშნა ბარაქ ობამამ.