საქალაქო სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან აქციაზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

საქალაქო სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან აქციაზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

2020-11-05 14:54:20+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.დაკავებული ნიკა კვიტატიანის და გიორგი ფხალაძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ. მისივე თქმით, სასამართლომ არ უნდა დააკანონოს ის უსამართლობა, რაც გუშინ პოლიციამ ჩაიდინა.

შეგახსენებთ გუშინ თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. თბილისში მიმდინარე აქციებზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში სამართალდამცველებმა 12 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა 173-ე მუხლებით დააკავეს.