ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მთავრობათაშორისი საბჭო სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
მიშუსტინმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებმა უნდა შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და შეუდგნენ საკითხის დიპლომატიურ მოგვარებას, მოსკოვი კი, მისი თქმით, მზად არის ამ პროცესს ხელი შეუწყოს. მანვე 4 დეკემბერს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მოსკოვში მიიპატიჟა, სადაც კავშირის მომდევნო სხდომა და პირველი ევრაზიული კონგრესი გაიმართება.
თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პრინციპის ერთგულია და მზად არის, სამშვიდობო პროცესის გასაახლებლად ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების შესაბამისად. მან შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ მთანი ყარაბაღის მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, ხოლო კონფლიქტში თურქეთის აქტიური ჩართულობა დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს.
„ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ოპერაციებში არა მხოლოდ აზერბაიჯანული არმია მონაწილეობს, არამედ თურქეთის მიერ დაქირავებული მებრძოლები სირიიდან,“- აღნიშნა ფაშინიანმა.