რუსული ხორბლის ექსპორტის ფასები გაიზარდა. მარცვლეული გაძვირდა ჩიკაგოსა და პარიზის ბირჟებზე. ოქტომბრის ფიუჩერსებზე ფასების ზრდა ძირითადად მსხვილი მომხმარებლების მხრიდან პროდუქციის დიდი რაოდენობით შესყიდვამ გამოიწვია.
როგორც Reuters-ი წერს, გასულ კვირას ეგვიპტემ, რომელიც თურქეთის შემდეგ, რუსული ხორბლის უმსხვილესი შემსყიდველია, ოქტომბრისთვის 530 ათასი ტონა რუსული ხორბალი უკვე შეისყიდა. შედეგად, IKAR-ის მონაცემებით, ერთი ტონა ხორბალი 212-213 დოლარი გახდა, რაც 9-10 დოლარით მეტია წინა კვირასთან შედარებით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 22-23 დოლარს შეადგენს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ საექსპორტო ხორბლის ღირებულება ერთ ტონაზე კიდევ 12-13 დოლარით გაიზარდოს.
ცნობისათვის, საქართველოში ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი რესეთია. 2020 წლის იანვარ-ივლისში ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში საქართველომ ჯამში 49 მილიონ 371 ათასი დოლარის ღირებულების, 222 ათას 840 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა. შესაბამისად, რუსეთში ხორბლის გაძვირებას შესაძლოა, საქართველოში პურზე ფასის მატება მოჰყვეს. ეს კი მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსული საექსპორტო ხორბალი კიდევ 15 დოლარით გაძვირდა.