მეორადი ტანსაცმელი გაძვირდა - Palitra News

მეორადი ტანსაცმელი გაძვირდა

2020-06-10 08:02:00+04:00

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ყველა ტიპის მაღაზია და ბაზრობა გაიხსნა. შესაბამისად, მუშაობა განაახლა ყველა იმ სავაჭრო წერტილმა, სადაც მეორადი ტანსაცმელი იყიდება, თუმცა, გაზრდილი ფასებით.

როგორც მოვაჭრეები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, გაუფასურებული ლარის გამო, გაუძვირდათ პროდუქციის ასაღები ფასი და იძულებულები გახდნენ, გაეზარდათ ტანსაცმლის საცალო ღირებულებაც.

მეორად ბაზრობაზე ტანსაცმლის ფასები საშუალოდ 2-დან 10 ლარამდეა გაზრდილი. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მდგომარეობაშია ესა თუ ის სამოსი, რა ბრენდია და რომელი ქვეყნიდან შემოდის.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ყველაზე ძვირი ამერიკა-ბრიტანეთიდან იმპორტირებული პროდუქტი ღირს, შემდეგია გერმანია, ევროპის სხვა ქვეყნები და თურქეთი. საქართველოში კი, ბოლო, 2020 წლის 4 თვის მონაცემებით იმპორტირებული მეორადი ტანსაცმლის 29% თურქეთზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი შემცირდა. კერძოდ, წელს 4 თვეში ქვეყანამ 5 მილიონ 557 ათასი დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი იყიდა, შარშან კი 6 მილიონ 529 ათასი დოლარის იმპორტი განხორციელდა.