15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხება. პროცესს ბრალდებული დაესწრება.
მოსიაშვილის განმარტებით, ამ დრომდე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა არ დასტურდება. ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.