სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელება დღეიდან იწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერებისთვის ფასდაკლების ბარათები ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ასევე "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გადაცემა. პროგრამის ფარგლებში დიზელის საწვავის შეძენა დაახლოებით, 1 ლარამდე ნაკლებ თანხად არის შესაძლებელი.
პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1-ელი ივნისიდან მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე. პირველ ივლისამდე, ფასდაკლების ბარათით შესაძლებელია არაუმეტეს 50 ლიტრის ოდენობის საწვავის შეძენა, 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე - არაუმეტეს 300 ლიტრის, 1-ელი სექტემბრიდან კი, შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათის განაღდება.