დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოს უკვე ყავს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. როგორც იმნაძე აცხადებს, პაციენტი შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ინფექცია ასევე გადატანილი აქვს.
გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ქვეყანას ასევე ჰყავს პაციენტი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ ხუთეულში შედიოდა, თუმცა ტესტი ვირუსზე დღემდე დადებით შედეგს აჩვენებს. იმნაძის თქმით, აღნიშნული ადასტურებს, რომ კორონავირუსის სახით საქმე "ვერაგულ" დაავადებასთან გვაქვს.
იმნაძე ეპიდემიის დასრულების შემდგომ ეტაპზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება და მოქალაქეებს გარკვეულ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე, საოჯახო თუ სამეგობრო თავყრილობებზე უარის თქმა, შეზღუდვების მოხსის შემდეგაც "საკმაო ხნით მოუწევთ".
"კოვიდ 19-თან ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ძალიან ბევრ ჩვევაზე კარგა ხნით უარი უნდა ვთქვათ, თუ არ გვინდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს. რა თქმა უნდა, ქვეყანა გაიხსნება და ნელ-ნელა ამუშავდება, მაგრამ რაც შეეხება ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, ალბათ, 1 წელი მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გადავლახოთ. კორონავირუსის შესახებ მართლა არავინ არ იცის", - განაცხადა პაატა იმნაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.