თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველოში პრეპარატ "პლაქვენილს” უსიმპტომო პაციენტებს უნიშნავენ.
როგორც ცერცვაძე ამერიკაში მცხოვრები ექიმის, ზურაბ გურულის განცხადების საპასუხოდ განმარტავს, საქართველოში „პლაქვენილის“ გამოყენებასთან დაკავშირებით გურულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი და გამიზნული დეზინფორმაციაა.
ცერცვაძის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლში ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო პაციენტები "პლაქვენილით" მკურნალობას არ საჭიროებენ და "პლაქვენილი" ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით.
ცერცვაძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ.