აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე ის აპირებს, ხელი მოაწეროს განკარგულებას, რითაც ქვეყანაში მიგრანტების მიღება დროებით შეწყდება.
"უხილავი მტრის მიერ განხორციელებული შეტევის ფონზე, ასევე ჩვენი დიდებული ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დასაცავად, ხელს ვაწერ განკარგულებას, რომლითაც აშშ-ში იმიგრაცია დროებით შეწყდება", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".
აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრ სახლს ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია. უცნობია ისიც, თუ რა პერიოდით შეწყდება აშშ-ში მიგრანტების მიღება.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე აშშ-ში უმუშევრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღემდე სოციალური დახმარების სამსახურებს 22 მილიონამდე ამერიკელმა მიმართა.