დაკავებული პოლიციელი სოსო გაბრიაძე, რომლის მიერ უმისამართო გასროლასაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, აცხადებს, რომ ჩადენილს ნანობს.
როგორც "პალიტრანიუსს" დაკავებული სამართალდამცავის ადვოკატმა განუცხადა, დაკავებულ პოლიციელს შეხვდა და ის ემოციურად მძიმე მდგომარეობაშია. მისივე თქმით, პოლიციელი გასროლის ფაქტს ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ გასროლა ჰაერში განახორციელა და ვინმეს მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა. ადვოკატი ადასტურებს, რომ პოლიციელი გასროლის მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იყო.
დაკავებულ სამართალდამცავს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი გუშინ დააკავა. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამართალდამცავმა საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან უმისამართო გასროლა განახორციელა, თუმცა გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ შუა ხნის ქალს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.