საქართველოში ხორბლის იმპორტის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტიდან 5 200 000 ლარი გამოიყო.
რაც შეეხება უშუალოდ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების პროგრამას, მისი მიზანია ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება. პროგრამის ბენეფიციარი ვალდებული იქნება იმპორტირებული ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული პირველი ხარისხის ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა ფქვილი არაუმეტეს 51 ლარად გაყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სუბსიდიის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.
ამასთან, პროგრამის პირობების თანახმად, სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ ტონა ხორბალზე არაუმეტეს 40 დოლარის ეკვივალენტს ლარში. სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალზე.