როცა უხილავი მტერი გიტევს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იცი, რომ წვეთებით ვრცელდება და ნებისმიერი ზედაპირი შეიძლება ინფიცირებული იყოს, ბუნებრივია, გიჩნდება სურვილი, როგორმე დაიცვა თავი ზედაპირებზე შეხებისაგან. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირის, რომ სულ უფრო ხშირად გვხვდება ქუჩებში ადამიანები ფერად-ფერადი ლატექსის ხელთათმანებით. თუ თქვენ გაცვიათ ხელთათმანი, ზედაპირებზე შეხებისას თქვენს კანზე ნამდვილად ვერ მოხვდება ვერც კორონავირუსი და ვერც სხვა მიკროორგანიზმი და ეს დაცულობის შეგრძნებას გაძლევთ. მაგრამ თუ ასე შეფუთული ხელებით, ეხებით ფულს, მობილურ ტელეფონს, რომელიც საუბრისას ახლოს გაქვთ სახესთან, ხელთათმანინი ხელებით ეხებით ბანკომატებს, სწრაფი გადახდის აპარატებს და შემდეგ ისწორებთ თმას, მიგაქვთ ხელი სახესთან, ეხებით მას, იკეთებთ და იხსნით სათვალეს, თქვენ ქმნით დამატებით რისკს დაბინძურებული ხელთათმანებით ინფიცირებისათვის. ასე რომ, თუ იყენებთ ლატექსის ხელთათმანს, გამოიყენეთ ის სწორად - გაიკეთეთ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისას, მისი მოვლისას, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას, აფთიაქებში, სუპერმარკეტებში ნივთებთან და ზედაპირებთან შეხებისას. შემდეგ ხელთათმანი უნდა გადააგდოთ ან შეინახოთ გარეცხვამდე და დეზინფექტანტით დამუშავებამდე. იმ შემთხვევაში, თუ მაინც გირჩევნიათ მთელი დღის მანძილზე გეკეთოთ ხელთათმანი, სრულყოფილად უნდა აკონტროლოთ საკუთარი თავი, რომ თქვენი ხელი არ მოხვდეს სახესთან. სხვა შემთხვევაში ლატექსის ხელთათმანი დაცვის ნაცვლად საფრთხის რისკს გაგიზრდით.