ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამთო კურორტების ადრე დახურვის მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ მიზეზი ჩეხი მოქალაქეა, რომელსაც გუდაურში ყოფნისას კორონავირუსის ნიშნები ჰქონდა, ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ კი კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან 3-ს კი გამოხატული სიმპტომები აქვს. როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით კი, ღრმა კვლევა მიმდინარეობს იმის დასადგენად, არის თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევები. იმნაძის თქმით, ჩეხმა ტურისტმა ქართულ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოგზაურობის შესახებ, რამაც, როგორც პაატა იმნაძემ განმარტა, მასთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება გააადვილა