ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოების დაგვიანებულ განხორციელებასთან დაკავშირებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ცენტრისა და მისი პერსონალის უსაფრთხოების ნორმების დაცვა წარმოადგენს.
"2013 წლიდან დღემდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარობს. რაც შეეხება კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დამატებით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, ცენტრმა უზრუნველყო მათი დროული მობილიზება და ყველა ადმინისტრაციული შენობისა თუ სასწრაფო დახმარების მანქანის სპეციალური ხსნარებით დამუშავება. დამატებითი სადეზინფექციო ღონისძიებები ხორციელდება 5 მარტიდან", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.