დღეს საქართველოს დროშის დღე აღინიშნება - Palitra News

დღეს საქართველოს დროშის დღე აღინიშნება

2020-01-14 10:15:35+04:00

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლის, დავით ჩხეიძის განცხადებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს და ევროპულ რუკებზე საქართველოს უძველესი დროიდან ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.

ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩოხატაურში, ერისთავების სასახლეში საქართველოს დროშას საზეიმოდ აღმართავს და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. ღონისძიებას ასევე დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ტრადიციას არ დაარღვევენ თბილისის საკრებულოს წევრები და წელსაც, 12:00 საათზე შენობის აივნებიდან საქართველოს დროშებს გადმოჰფენენ.