თბილისის მერიამ ნებართვის მქონე ტაქსებისთვის მანათობლების დარიგება დაიწყო. შარტავას N7-ში, მერიის შენობის მეორე სართულზე ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური მომსახურების სივრცეა მოწყობილი, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მანათობლები გაიცემა. თბილისის მერიის ცნობით, მანათობლები თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 15 000 ერთეულის ოდენობით შეისყიდა, მათგან 13 000 ერთეული არის სტანდარტული ფორმის, ხოლო - 2000 ერთეული - პანორამა სახურავისათვის. ტაქსის ნიშნებს ორი რეჟიმი აქვთ, რომელიც ფერებით გამოიხატება - მწვანე და წითელი. მწვანე ფერი მიანიშნებს, რომ ავტომანქანა თავისუფალია, ხოლო წითელი მგზავრზე მიუთითებს. ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში, პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა. ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ კი აღნიშნა, რომ მერიის გეგმებში მგზავრობის საფასურის რეგულირება არ შედის.