ქარიშხლმა "დორიენმა" ბაჰამის კუნძულებს გადაუარა და ამჟამად აშშ-ის აღმოსავლეთ შტატებისკენ მიემართება - Palitra News

ქარიშხლმა "დორიენმა" ბაჰამის კუნძულებს გადაუარა და ამჟამად აშშ-ის აღმოსავლეთ შტატებისკენ მიემართება

2019-09-02 09:08:29+04:00

ქარიშხლმა "დორიენმა" ბაჰამის კუნძულებს გადაუარა და ამჟამად აშშ-ის აღმოსავლეთ შტატებისკენ მიემართება. როგორც მოსალოდნელია იგი ფლორიდის სანაპიროებს ადგილობრივი დროით ორშაბათს საღამოს მიაღწევს.

ქარიშხლის გამო, ფლორიდის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აღნიშნულ შტატებში სიცოცხლისათვის საშიში შტორმია მოსალოდნელი. ამჟამად ქარის სიჩქარე საათში 285 კილომეტრს შეადგენს. ქარიშხალს უკვე მიენიჭა მეხუთე კატეგორია. ქარიშხალი დორიენი ყველაზე ძლიერი შტორმია რაც კი ოდესმე ბაჰამის კუნძულებზე ყოფილა.

სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და დატბორა ქუჩები. კუნძულებზე მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე შეზღუდულია ინტერნეტთან წვდომა ასობით კუნძულზე.

ბაჰამის კუნძულების მთავრობამ 14 დროებითი თავშესაფარი გახსნა სკოლებში, ეკლესიებსა და სხვა შენობებში.

ტურისტებისა და მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია ჯერ კიდევ გუშინ განხორციელდა.