შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ ულტიმატუმის ენით საუბარს და განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან. ბორცვაძის განცხადებით დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რა მიზანი ჰქონდა სოფელ წნელისთან ქართული ბლოკ პოსტის განთავსებას, რაზეც ქართული მხარის ერთმნიშვნელოვანი პასუხი იყო, რომ საგუშაგო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დგას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, შეხვედრაზე ლოგიკური არგუმენტები იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს ბლოკ საგუშაგო აღნიშნულ ლოკაციაზე განთავსებული, ქართულმა მხარემ ვერ მოისმინა.