ეროვნული ბანკი მოსახლეობას ინტერნეტ-თაღლითობის შესახებ აფრთხილებს - Palitra News

ეროვნული ბანკი მოსახლეობას ინტერნეტ-თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

2019-08-27 14:53:48+04:00

ეროვნული ბანკი მოსახლეობას ინტერნეტ-თაღლითობის შესახებ აფრთხილებს. სებ-ის განცხადებით, მოსახლეობის ინტერნეტ-თაღლითებისგან თავდაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას განაგრძობს.

ამჯერად, ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციის ჩართულობით, მომხმარებელს ინტერნეტ-თაღლითობის თემაზე საგანმანათლებლო ვიდეორგოლს სთავაზობს.

ვიდეორგოლში ინტერნეტ-თაღლითების მიერ მომხმარებელთა თანხების მითვისების ფართოდ გავრცელებული სქემებია ახსნილი, ასევე, რჩევები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან საფრთხეები.აღნიშნული ვიდეორგოლით, საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას შეახსენებს, ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ-სივრცეში გამოყენებისას მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ.