ექიმებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა 1 000 ლარით, ხოლო განმეორება - 2 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს - Palitra News

ექიმებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა 1 000 ლარით, ხოლო განმეორება - 2 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

2019-07-22 13:56:54+04:00

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 23 ივლისის სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის საფუძველზეც სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება. პროექტის მიხედვით, რამდენიმე კანონში სპეციალური ჩანაწერი კეთდება, რომ “სამედიცინო საქმიანობის დროს, დაუშვებელია ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა“.

კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით იმავე ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებების მიზეზად სამედიცინო პერსონალსა და სოციალურ მუშაკებზე ძალადობის მომატებულ შემთხვევებს ასახელებენ.