ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ფსიქო-სოციალური სერვისი ამოქმედდა. კლინიკის მცირეწლოვან პაციენტებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუამ მიულოცა და პროექტს ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, ცენტრში ბავშვზე ორიენტირებული გარემო შეიქმნა. საჭირო ინვენტარით და მასალებით მოეწყო სათამაშო ოთახი. დასაქმდნენ ფსიქოლოგები, რომლებიც დარგის სპეციალისტებთან ერთად, პაციენტებისთვის სამედიცინო პროცედურების დროს სტრესის შემცირებაზე იზრუნებენ. მოამზადებენ ბავშვებსა და მშობლებს მოსალოდნელ სამედიცინო გამოცდილებაზე, უზრუნველყოფენ განმავითარებელ, საგანმანათლებლო და თერაპიულ ინტერვენციებს.