რას ვყიდით ყველაზე დიდი რაოდენობით - Palitra News

რას ვყიდით ყველაზე დიდი რაოდენობით

2019-04-29 11:32:01+04:00

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 807 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 826 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი მილიარდ 981 მილიონ 300 ათას დოლარს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის ექსპორტმაც იანვარ-მარტში 135 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა; მას მოსდევს - მსუბუქი ავტომობილები 99 მილიონ 100 ათასი დოლარით; ხოლო მესამე ადგილზეა - ფეროშენადნობები, 95 მილიონ 600 ათასი დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი დაფასოებული მედიკამენტები და ყურძნის ნატურალური ღვინოები ინაწილებენ, შესაბამისად, 52 მილიონ 400 ათასი და 49 მილიონი დოლარით.

საქართველოს ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულში მოხვდნენ ასევე: აზოტოვანი სასუქები - 35 მილიონ 400 ათასით; მინერალური და მტკნარი წყლები - 29 მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარით; სპირტიანი სასმელები - 26 მილიონით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები - 20 მილიონ 300 ათასითა და ოქრო დაუმუშავებელი/ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 16 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარით.